top of page
სასულიერო პირები პარლამენტში.jpg

ეკლესია, როგორც პოლიტიკური იარაღი

სალომე მახათაძე

ეკლესიისა და ხელისუფლებების  თანამშრომლობა  არც ახალია და არც უცხო, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. სასულიერო პირები მუდმივად ჩართულები არიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ამასთანავე, საზოგადოების ნაწილზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.

ყოველწლიურად საპატრიარქო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს. გარდა ოფიციალური მონაცემისა, მრავლადაა არაოფიციალურად გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონება, მიწების და ავტომანქანების სახით. ეკლესიაც, თავის მხრივ  „ვალში არ რჩება“  ხელისუფლებას და ცდილობს, მისი პოლიტიკის მხარდამჭერი იყოს. მხარდაჭერა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიებზე დასწრებით, ოპოზიციის და დასავლელი პარტნიორების კრიტიკით, მედიასთან წინააღმდეგობითა და უმცირესობებთან (სექსუალური, რელიგიური, ეთნიკური) დაპირისპირებით გამოიხატება. ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ნდობა მაღალია, შესაბამისად, მათი გავლენაც ამომრჩეველზე საკმაოდ დიდია. 

ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საკუთარი პოლიტიკური შეცდომები ეკლესიის მხარდაჭერით გადაფაროს. მმართველ ძალას სჭირდება საპატრიარქოს გავლენა სხვადასხვა მიზნისთვის, იქნება ეს ოპონენტების დისკრედიტაცია, ანტიდასავლური და პრორუსული მესიჯბოქსის გავრცელება,  თუ საარჩევნოდ მოქალაქეების მობილიზება. 

მმართველი პარტიის მხრიდან ხშირად კეთდება პოპულისტური, ეროვნული და რელიგიური იდენტობით მანიპულირების შემცველი განცხადებები, ეს მოხდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროსაც. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სექსუალური უმცირესობების მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ქართული ტრადიციების შეურაცხყოფასთან გააიგივა, რათა პასუხისმგებლობის ისრებს მიმართულება შეეცვალა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ პრემიერის მიერ ღიად წახალისებულ ძალადობას „ღირსების დაცვა“ ეწოდა და დამნაშავედ მხოლოდ რამდენიმე შემსრულებელი ცნეს.

 

როგორც ცნობილია, 5 ივლისს მედიაზე თავდასხმაში რამდენიმე სასულიერო პირიც მონაწილეობდა, თუმცა ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ პრემიერს 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მათზე, როგორც ძალადობის თანამონაწილეებზე, არ უსაუბრია. შეგვიძლია, ეს განცხადება ამომრჩევლების გულის მოგებად მივიჩნიოთ, რომ მმართველი პარტია "არ დაუშვებს ქართული ტრადიციების წინააღმდეგ წასვლას და ასევე, არავის მისცემს საშუალებას, მართლმადიდებელ ეკლესიას ჩრდილი მიაყენოს." 

ცხადია, სარგებელი ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ გასაკვირი არ არის ხელისუფლების მისამართით სასულიერო პირების "თხოვნა", გათავისუფლდნენ 5-6 ივლისის მოვლენების დროს დაკავებული პირები, რადგან "მათ თავი დადეს ერის იდენტობისა და რწმენის დასაცავად." 


საპატრიარქოც და მმართველი პარტიაც ახერხებს ქვეყნის ტრადიციებისა და რწმენის მცველის როლის მორგებას, საზოგადოების თვალის ასახვევად კი რამდენიმე შემსრულებელს სჯის, რომელთაც მალევე უმსუბუქებს სასჯელს. მსგავსი ქმედება, გარდა იმისა, რომ საფრთხის ქვეშ აყენებს უმცირესობათა უფლებებს, ასევე, შეიცავს მესიჯს, რომ ნებისმიერი დანაშაული გამართლდება, თუ მას რელიგიური მოტივი ედება საფუძვლად.

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ურთერთშანტაჟზე საუბრობს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია. დეპუტატის თქმით, ამ პროცესს სახელმწიფოებრივად საშიში დატვირთვა აქვს. 

როდესაც ხელისუფლება გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის რელიგიურს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, პარალელურად, მათგან ულტიმატუმის საფრთხის მოლოდინი აქვს. ეს დაადასტურა 2021 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ გავრცელებულმა ფაილებმა, რაც სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. საზოგადოების მხრიდან ფაქტი საპატრიარქოს წინააღმდეგ კომპრომატებად შეფასდა. 

ჩნდება ლოგიკური მოსაზრება, რომ თუ ქვეყანაში ისეთი გავლენიანი ინსტიტუტის კონტროლი ხდება, როგორიც საპატრიარქოა, გამოდის, რომ ხელისუფლება ყველა იმ ადამიანს უსმენს, ვისგანაც რაიმე საფრთხის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. 
საინტერესოა ისიც, მმართველი პარტია როგორ იცილებს პასუხისმგებლობას და როგორ იყენებს მომხდარს ოპონენტების
დისკრედიტაციისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილს საპატრიარქოს მიმართ დიდი ნდობა აქვს, მარტივია პოლიტიკურ ოპონენტებთან უპირატესობის მოპოვება, თუ მათგან ეკლესიის მტრის ხატს შექმნი.  

რელიგიური და პოლიტიკური ძალების ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო საფრთხისშემცველი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრობისთვის იბრძვის. რწმენის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და რელიგიური გრძნობებით მანიპულაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ისევ გააქტიურდა. მმართველი ძალის წევრების მხრიდან დაიხატა ისეთი რეალობა, თითქოს, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს საკუთარ იდენტობასა და ევროპულ პერსპექტივას შორის. 

დიმიტრი-ხუნდაძე.jpg

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”

პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:  "ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს."

ღარიბაშვილი.jpg

სეკულარული სახელმწიფო?!

საქართველო სეკულარული სახელმწიფოების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა რეალობა სხვა სურათს ასახავს.  სეკულარიზმი, თავისი შინაარსით, რელიგიური ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნას გულისხმობს. იმის ფონზე, რომ სასულიერო პირების მხრიდან მუდმივად ხდება პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, ძნელია, საქართველოს სეკულარული სახელმწიფო ვუწოდოთ. ჩარევა არ შემოიფარგლება მხოლოდ შეფასებითი განცხადებებით, ის სწვდება ისეთ შემთხვევებსაც კი, როგორიც კანონმდებლობის მიღებაში თანამონაწილეობაა.

2014 წელს პარლამენტის მიერ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ფაქტს საპატრიარქოს მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ეკლესია განსაკუთრებით პირველ მუხლს აპროტესტებდა, რაც სექსუალური ორიენტაციის და სქესის(და არა მხოლოდ) განურჩევლად დისკრიმინაციის აღმოფხვრას გულისხმობს. აღნიშნული წინააღმდეგობა რეალურად, მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლებისა და გავლენების განმტკიცებას ემსახურებოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა მაინც შეძლო კანონპროექტის მიღება, თუმცა ეკლესიის მხრიდან სახელმწიფო საკითხებში მსგავსმა ჩარევამ სეკულარიზმის პრინციპის დაუცველობის საფრთხე გააჩინა.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან დისტანცირების ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ საპატრიარქოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიზარდა კიდეც. სასულიერო პირები არ ერიდებიან ანტიდასავლურ გზავნილებს ისეთ დროსაც კი, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად იბრძვის.

meuphe-spiridoni.jpg

სხალთელი ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი:  "გამოგვიგზავნეს რაღაც კითხვარები, სადაც წერია, რომ თუ გინდა ჩვენთან იყო, მუხლებია ჩამოთვლილი, ჰომოსექსუალიზმი უნდა მიიღოთო, ტრანსგენდერობა უნდა მიიღოთო, სქესის შეცვლა უნდა მიიღოთო… ბავშვი ბიჭი თუ იტყვის, რომ მე გოგო ვარ, ხელი არ შეუშალოთო, გოგოდ უნდა აღიაროთო. თუ არ იქნება საქართველოში სოდომიზაციის და გათახსირების ხელშეწყობაო, ისე არ მიგიღებთო. ჯანდაბამდე გზა გქონიათ, რა გვინდა იმ ხალხთან კაცო."

ევროპა VS რუსეთი

ქვეყნის პოლიტიკური კურსის არჩევანი შიშს ეფუძნება თითქოს, ევროპული ღირებულებები მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელია, პარალელურად, ალტერნატივა ერთმორწმუნე რუსეთის სახით ჩნდება. სასულიერო პირები ევროინტეგრაციას ეროვნული იდენტობის დათმობასთან და ტრადიციებზე უარის თქმასთან აიგივებენ, რაც საზოგადოებაში სტაბილურობის და უსაფრთხოების რღვევის განცდას აჩენს. შედეგად, არჩევანი „ერთმორწმუნე“ რუსეთის სასარგებლოდ კეთდება, რომელიც რწმენას, ეროვნებასა და ორიენტაციას საფრთხეს არ შეუქმნის. საზოგადოების მისამართით მსგავსი გზავნილები რუსულ გავლენებს აძლიერებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ კურსს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი.

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რუსული გავლენების კვალი სხვადასხვა ოფიციალური განცხადებიდან და საპატრიარქოს პოზიციებიდან ჩანს. მიზეზი, შესაძლო რუსული კავშირებია, რის ეჭვსაც არაერთი ფაქტი აჩენს - სუსის კრებსები (ფაილი სახელწოდებით „პრორუსული ორიენტაცია“), პატრიარქის მოსაყდრის შიო მუჯირის და ლევან ვასაძის მეგობრობა, რომელიც თავის მხრივ ახლო ურთიერთობაშია კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინთან.

ხშირად მოგვისმენია, რომ მხოლოდ რუსეთი არ არის ოკუპანტი და ტერიტორიები თურქეთმა და აზერბაიჯანმაც წაგვართვა. ისრების სხვა მიმართულებით გადატანით რუსეთის დანაშაულის გადაფარვა ხდება. პრორუსული გზავნილებისთვის ისეთი პლატფორმის გამოყენება, როგორიც ალტ-ინფოა, რუსულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

სტეფანე კალაიჯიშვილი:  "ეს კლიშეები... ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის. ის რუსეთიც, ის ამერიკაც, ის თურქეთიც, ირანიც, არ არიან თავის თავზე დამოკიდებული, უფალს როგორც უნდა, საბოლოო ჯამში ისე გადაწყდება. ჩვენ, არავის ინტერესებს არ უნდა გადავყვეთ."

ბასილ მკლავიშვილი: "ერთმორწმუნე რუსეთთან კონფრონტაცია ჩვენ არაფერს მოგვიტანს, პირიქით. მადლობა უფალს, რომ საქართველოში დამკვიდრდა ახალგაზრდების ჯგუფი თავისი ტელევიზიით. ეს ახალგაზრდები უმკლავდებიან ლიბერალების შემოტევებს და მათ დამცველ სატანისტებს ნაციონალების სახით…"

ამ ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ისეთი ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისებასა და გაძლიერებას, როგორიც თავად ალტ-ინფოა. მათი ღია და დაუფარავი კავშირი რუსეთთან, ცალსახად საფრთხის შემცველია ქვეყნის დასავლური კურსისთვის. 

საფრთხე კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როდესაც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უკრაინა საერთო მტერთან საომარ ვითარებაში იმყოფება. უკრაინისადმი მხარდაჭერის ნაცვლად, სასულიერო პირები არ ერიდებიან რუსეთის მსხვერპლის პოზიციაში ჩაყენებას.

"რუსოფობია, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, არა რუს ხალხს, არამედ მართლმადიდებლობის „ბურჯს“, რუსეთს უპირისპირდება." [სასულიერო პირი გიორგი პავლოვი, გაზეთი ასავალ-დასავალი, 28 მარტი-3 აპრილი.]

მსგავსი გზავნილები არის მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის რუსეთი რწმენის გარანტად მიიჩნეოდეს შესაბამისად, ის, ვინც რუსეთს დაუპირისპირდება, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ წავა.

იმ ანტი-დასავლური პროპაგანდის თანახმად, რომელსაც სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი ავრცელებს, ევროპა, ინტეგრაციის სანაცვლოდ, ქართველებისგან სქესის, ორიენტაციისა და რელიგიის შეცვლას ითხოვს. იმავე ხელწერით, საზოგადოებაში დასავლეთისგან მტრის ხატი იქმნება, რასაც იდენტობის დაკარგვის შიში უდევს საფუძვლად.

ცალსახად უპირატესია ევროინტეგრაციის სანაცვლოდ სექსუალური ორიენტაციის შეცვლით მანიპულირება, თუმცა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ქადაგებაში, ევროპა „გარყვნილების პროპაგანდისტის“ გარდა, მოძალადეცაა, რომელსაც სხვა სახელმწიფოების მიმართ დამპყრობლური პოლიტიკა აქვს.

გზავნილი ატარებს შინაარსს, რომ საქართველოს, ტერიტორიული სიმცირის გამო, გაუჭირდება თავდაცვა, რაც ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ევროპასთან თანამშრომლობაზე და თანამოაზრე რუსეთში ვეძებოთ. მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს თავად მიტროპოლიტის მიერ გამოქვეყნებული წერილი „ევროპული ღირებულებები და რუსოფობია.“

როგორც ჩანს, დასავლეთის მიმართ უარყოფითი განწყობების ჩამოსაყალიბებლად გარკვეული სასულიერო პირები ფანტაზიას და ენერგიას არ იშურებენ. ზოგჯერ, პროპაგანდისტული მესიჯები ისეთ აბსურდამდეც კი მიდის, როგორიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილის ქადაგება.

უფალს ვერ მოატყუებ, გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი აქ, რას ლაპარაკობდიო.

© სალომე მახათაძე
2022

bottom of page